ძმების მარანი 2015 წელს დაარსდა იმ იდეით, რომ ოჯახის ტრადიცია ბიზნესად გადაქცეულიყო და ბოლნისურ მეღვინეობას მეტი ცნობადობა ჰქონოდა. სწორედ ამ წელს დაიწყო ძმების მიერ ქვევრის ტრადიციის აღდგენა, ხოლო პირველი დაყენებული და ბოთლში ჩამოსხმული ღვინოები იყო რქაწითელი, თავკვერი და საფერავი.
მეღვინეობის სახელი შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა – ოჯახური სახელწოდება ძმების ერთიანობასა და საერთო საქმეზე სიყვარულს გამოხატავს. სწორედ ერთიანობამ და ხარისხზე ორიენტირებულმა შრომამ გახადა შესაძლებელი „ბოლნისი“-ს დაცული ადგილწარმოშობის ღვინოდ დარეგისტრირება, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა რეგიონში ხარისხიანი ღვინოების წარმოება.
დღეს მარანი რქაწითელს, საფერავს, თავკვერს, ჩინურს, ასურეთულ შავსა და შავკაპიტოს აწარმოებს, ხოლო თითქმის ყოველ წელს ექსპერიმენტული ღვინოების შექმნასაც ცდილობს. ტექნოლოგიები მრავალფეროვანია – ტრადიციული ქვევრიდან ევროპულ სტილამდე და ბოლნისისთვის გამორჩეულ „შვაბურ“ ტექნოლოგიამდე, რომლის პოპულარიზაციაც მეღვინეობის ერთ-ერთ მთავარ სამომავლო მიზნად რჩება.
მარანი წელიწადში დაახლოებით 10 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ყურძენს სხვადასხვა ტერუარებიდან იძენს, რაც ღვინოების მრავალფეროვან ხასიათს განაპირობებს, ხოლო კონკრეტული ვენახებიდან შესყიდვები მევენახეებთან მრავალწლიანი პარტნიორობითაა არჩეული.
სამომავლო მიზნები კვლავ ამბიციურია – ხარისხიანი და განსხვავებული ბოლნისური ღვინოების შექმნა, ექსპორტის გაფართოება და ბოლნისური ტერუარის პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.



