ბოლნისი – ღვინის ტრადიციის სამშობლო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ისტორიული ქვემო ქართლის შემადგენელი ნაწილია. ის მდებარეობს თბილისიდან სამხრეთით 58 კილომეტრში, მდინარე მაშავერას ხეობაში, ზღვის დონიდან 650 მეტრ სიმაღლეზე. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – დმანისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთით – სომხეთი. მუნიციპალიტეტის ფართობი 739.7 კვადრატული კილომეტრია. მისი ტერიტორიის დაახლოებით 83% მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ხელსაყრელ სიმაღლეზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე.
ღვინის დაყენება ქვევრში
ქვევრში ღვინის დაყენება საქართველოში 8000 წლის წინ დაიწყო და ეს უძველესი პრაქტიკა საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნდა. 2013 წელს იუნესკომ (UNESCO) ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, რაც ხაზს უსვამს მეღვინეობის ამ ტექნიკის უბადლო უნიკალურობას და წარმოადგენს გლობალურ დასტურს ძველ ქართულ კულტურაში ღვინის განუყოფელი როლის შესახებ. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ერთხმად აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება. ეს აღიარება დასტურდება ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უძველესი არქეოლოგიური მასალითა და არქეობოტანიკური მონაცემებით.
უწყვეტი ტრადიცია
საქართველოს რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური და პალეობოტანიკური მონაცემები (ნეოლითის ხანიდან შუა საუკუნეების გავლით დღემდე) ადასტურებს ღვინის წარმოების უწყვეტ ტრადიციას. სამეცნიერო მტკიცებულებებით გამყარებული ისტორიული საბუთებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს, მათ შორის ქვემო ქართლს, აქვს ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უწყვეტი 8000-წლიანი ისტორია.
ვაზის მოშინაურება
საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ადამიანმა ნეოლითის ხანაში გარეული ვაზი მოაშინაურა და კულტურულად აქცია. საუბარია კულტურული ვაზის უძველეს კვალზე, რომელიც ძვ.წ. VI-V ათასწლეულებით თარიღდება. ეს აღმოჩენები ნაპოვნია ქვემო ქართლში (კერძოდ, ბოლნისსა და მარნეულში) ისეთ არქეოლოგიურ ძეგლებზე, როგორიცაა: არუხლოს გორა, გადაჭრილი გორა, შულავერის გორა, ხრამის დიდი გორა და სხვა.